Accessibility links

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის 25 წარმომადგენელს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის 25 წარმომადგენელს. ამის შესახებ 21 ნოემბერს განცხადებით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა.

მისი თქმით, ეს არის საპასუხო ზომა ბრიტანეთის მთავრობის მიერ მანამდე მიღებულ სანქციებზე რუსეთის 25 ოფიციალური პირის მიმართ, მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით. ზახაროვამ ბრიტანეთის სანქციებს უწოდა "სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის და რუსეთის მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლის მცდელობა".

ლონდონის სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსების სია ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა. ის მოიცავს პირებს, რომლებსაც ბრიტანეთი მიიჩნევს კავშირის მქონედ იურისტ სერგეი მაგნიტსკის სისხლისსამართლებრივ დევნასა და მის სიკვდილთან მოსკოვის საპატიმროში 2009 წელს. სხვებს შორის, სიაში არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი და მოსამართლე ალექსეი კრივუროჩკო. ეს არის პირველი სანქციები, რომლებიც ბრიტანეთმა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ შემოიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დატოვა.

ბრიტანეთის იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც რუსეთის სანქციები შეეხო, არ გამოქვეყნებულა.

ასევე 21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა ე.წ. კონტრსანქციების მოქმედების ვადა - ემბარგოსი რუსეთში ევროკავშირის წევრი და სხვა სახელმწიფოებიდან კვების რიგი პროდუქტების შეტანაზე. "კონტრსანქციები" ეხება ქვეყნებს, რომლებმაც მოსკოვს დაუწესეს სანქციები ყირიმის ანექსიის და უკრაინის საქმეებში ჩარევის გამო. რუსეთის "კონტრსანქციები" 2014 წლიდან მოქმედებს და პროდუქტებს, რომლებსაც ისინი ეხება, ანადგურებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG