აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს პრეტენზიები აქვს ყველა მეზობელი ქვეყნის მიმართ. ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოც, რომელმაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს საჰაერო სივრცე დახურა სამხედრო გადაზიდვებისთვის. საქართველოს არ სურდა "გამხეცებულ მტერს ჩვენი სამოქალაქო პირები დაეხოცა" - აცხადებს ალიევი. მის ციტატას ავრცელებს აზერბაიჯანის მედია, მათ შორის სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯი".
"როგორია სომხეთის ურთიერთობა მეზობლებთან? აზერბაიჯანთან ასეთი ოკუპაციაა, არის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან. რუსეთი ახლა, როგორც იტყვიან, უკმაყოფილებას გამოთქვამს. მე ვიცი, რატომაც ვერ შეძლეს მათ იარაღის ირანის გავლით მიწოდება. იმიტომ, რომ ირანი ჩვენი მეგობრული, ძმური სახელმწიფოა. იმიტომ, რომ ჩვენი თხოვნის გათვალისწინებით, მათ თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს. იმიტომ, რომ არ სურდათ ის მიწოდებული ყოფილიყო და აზერბაიჯანელები მოეკლა. საქართველოს მიმართაც იგივე პრეტენზია ისმის. იმიტომ, რომ ომის პერიოდში საქართველომაც დახურა თავისი საჰაერო სივრცე და არ დაუშვა იარაღის არასახმელეთო გზით გადაზიდვა. და მას არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს ჩვენი სამოქალაქო პირები დაეხოცა" - ამბობს ალიევი.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების პერიოდში თბილისი აცხადებდა, რომ სამხედრო ტვირთის გადაზიდვა სომხეთსა და აზერბაიჯანში შეჩერებული იყო. საქართველო ასევე უარყოფდა სამხედრო ტვირთის სამოქალაქო თვითმფრინავებით გადატანას.
აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების მიერ მთიანი ყარაბაღის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ, ერევნის და ბაქოს თხოვნით, გახსნა საჰაერო დერეფანი რუსეთის მშვიდობისდამცველებისთვის.