Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს პრესსპიკერი: წინა არჩევნების ბიულეტენები, უბანზე, სავარაუდოდ, მოხერხებულმა ამომრჩეველმა მიიტანა


საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები
საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები

22 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურ საარჩენო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს პრესსპიკერს, ნათია იოსელიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები.

ცესკოში ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები ადგილზე ამომრჩეველმა მიიტანა. ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს იყო ამომრჩევლის მხრიდან „არაკეთილსინდისიერი საქციელი“, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.

„ეს ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, შენახული აქვს წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებად და მას სხვა ბიულეტენებს არ მიათვლიდნენ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ხოლო კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა მოქალაქემ უბნიდან ბიულეტენების ჯერ გატანა, ხოლო შემდეგ უბანზე შეტანა, ნათია იოსელიანმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო „ძალიან მოხერხებული ამომრჩეველი“.

მისივე სიტყვებით, მსგავსი ქმედება ისჯება კანონით, ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა ან განზრახ დაზიანება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.

ეს დარღვევა 21 ნოემბერს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა გამოავლინა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი და, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG