Accessibility links

logo-print logo-print

ისრაელის და საუდის არაბეთის მინისტრები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ ნეთანიაჰუს შეხვედრაზე ტახტის მემკვიდრესთან


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავისი განცხადებით წინააღმდეგობაში მოვიდა ისრაელის კაბინეტის წევრი მინისტრის სიტყვებთან, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 22 ნოემბერს საიდუმლო ვითარებაში ჩავიდა საუდის არაბეთში და შეხვდა სამეფოს დეფაქტო მმართველს, ისევე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Kan-ი, იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუ და სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელი, იოსი კოენი შეხვდნენ ტახტის მემკვიდრეს, მუჰამად ბინ სალმანს და პომპეოს. მაუწყებლის ცნობით, შეხვედრა შედგა საუდის არაბეთის ქალაქ ნეომში, წითელი ზღვის სანაპიროზე.

შემდეგ ისრაელის კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია ვიზიტის თაობაზე, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირველი ვიზიტი იქნებოდა საუდის არაბეთში. ისრაელის განათლების მინისტრმა, იოავ გალანტმა სამხედრო რადიოს უთხრა: "საკუთრივ ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ამის შესახებ ღიად გამოცხადდა, თუნდაც ასე, ნახევრადოფიციალურად, თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის ამბავია".

საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ კითხვა დაუსვეს თავად ნეთანიაჰუსაც, 23 ნოემბერს, მისი მემარჯვენე ფრაქცია ლიკუდის შეხვედრაზე, თუმცა მან განცხადება არ გააკეთა. ვიზიტის თაობაზე განცხადება არ გააკეთა იერუსალიმში აშშ-ის საელჩომაც. სააგენტო ასოშიეტედ პრესის თანახმად, პირებმა, რომლებიც პომპეოს ახლდნენ თავს, უარი თქვეს ამ საკითხზე საუბარზე.

თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფაჰრანმა უარყო ცნობები, რომ ტახტის მემკვიდრე პომპეოს ვიზიტის დროს ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდა. "ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა. იქ მყოფი ოფიციალური პირები მხოლოდ ამერიკიდან და საუდის არაბეთიდან იყვნენ" - დაწერა მან ტვიტერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG