Accessibility links

logo-print logo-print

ვიცე-პრემიერის მტკიცებით, კორონავირუსის გავრცელების ზრდა აქციებს უკავშირდება


საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის გავრცელების დინამიკას საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

„როდესაც ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავთ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში“, - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, მთავრობა მას საარჩევნო თუ პოლიტიკურ პროცესს ვერ შეუზღუდავს.

„კონსტიტუციურად ჩვენ ვერ შევზღუდავთ გამოხატვის უფლებას, თუმცა ნებისმიერი მოქალაქე არის ვალდებული, რომ ამ უფლების დემონსტრირების დროს, დაიცვას ის წესები, რომელიც დაიცავს მის თავსაც და მის თანამოქალაქესაც“, - განაცხადა მინისტრმა.

გასული კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 3 500-ზე მეტია.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებულ ქუჩის აქციებზე ათასობით ადამიანი მივიდა. ოპოზიციონერი ლიდერები ვირუსის გავრცელების რისკზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან, მათი მტკიცებით, მთავრობამ არჩევნები გააყალბა და ხალხს ქუჩაში გასვლა აიძულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG