Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა


არაიკ არუთიუნიანი
არაიკ არუთიუნიანი

სომხეთში თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, არაიკ არუთიუნიანმა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით ამ პოსტზე შეცვლის მისი მოადგილე, ვაგრამ დუმანიანი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, არაიკ არუთიუნიანი უკვე რიგით მეოთხე მინისტრია, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში დატოვა პოსტი.

მანამდე თანამდებობას გამოემშვიდობნენ თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონოიანი, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი, ზარუი ბატოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

სამთავრობო ცვლილებების ფონია პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, რასაც ბიძგი მისცა 42-დღიან ომში აზერბაიჯანთან განცდილმა მარცხმა მთიან ყარაბაღში და ბრძოლების შეწყვეტის შესახებ სამმხრივმა აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხურმა განცხადებამ, რასაც სომხეთის ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება „კაპიტულანტურს“ უწოდებს და ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

ამ განცხადების შედეგად სომხეთმა 20 ნოემბერს აზერბაიჯანს გადასცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

25 ნოემბერს იმავე ბედს გაიზიარებს ქელბაჯარის რაიონი, საიდანაც სომხეთთან დამაკავშირებელი რთული სახმელეთო გზით, მეორე კვირაა, ინტენსიურად ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სომხური სამხედრო დანაყოფების ევაკუაცია.

ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG