Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს "არცერთ მხარეს არ ჩარეულან". მისი თქმით, ის ღმერთს შესთხოვს, რომ გონიერმა გუნდმა გაიმარჯვოს. მან დღეს, 24 ნოემბერს ქადაგების დროს ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკებისთვის ეკლესია შესთავაზა.

"მე მინდა ერთ რამეს შევეხო. მე მინდა ვნახო ჩვენი ერი დამშვიდებული. ალბათ, ერის დამშვიდება... ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი - აერთიანებს. ალბათ, გაერთიანება ეკლესიაში უნდა მოხდეს. კარგად იცით, ჩატარდა არჩევნები. მე არ შევეხები, იმას არ ვაპირებ, რომ ტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მათთან შეხვედრის დროსაც გაესვა ხაზი ეკლესიის როლს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევლენ, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. საუბრის თემები უცნობია, რადგან მოლაპარაკების ერთ-ერთი დათქმა ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG