Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას


კახა კალაძე
კახა კალაძე

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის გარეშე მუშაობა დასაშვებად მიაჩნია თბილისის მერს კახა კალაძეს. თუმცა მას იმედი აქვს, რომ ოპონენტები უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მმართველ პარტიასთან ერთად იმუშავებენ.

„ძალიან მნიშვენელოვანია ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ODIHR-ის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელზეც მითითებები არის, მომავალში მოგვიწევს გამოსწორება, რომ არ განმეორდეს.

მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა და ჯამში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: 150-წევრიან პარლამენტში სულ 90 დეპუტატი იქნება.

საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად არჩევნების გაყალბებაში ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG