Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ის ასახელებს წითელ ხაზს, რომლის გადალახვასაც მმართველი პარტია არ აპირებს.

„ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა 930 000-მა ამომრჩეველმა. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ მილიონამდე ამომრჩევლის გამარჯვება. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანის გამარჯვება ასე მარტივად დავთმოთ. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მგონია, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა ამ პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი პარლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და იქნება კიდევ 8 ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი", - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიიიჩნევს, რომ „ქართული იცნება" პარლამენტში ოპოზიციის გარეშე არ იქნება. „შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება პარლამენტში. რაც შეეხება მეორე ტურს (ოპოზიციის ბოიკოტს), აქ იყო დამატებითი ფაქტორი. ოპოზიციის ინტერესებში იყო ის, რომ მეორე მარცხი არ გაეფორმებინათ, პარლამენტში შესვლაზე კი სხვა პოზიტიური მოტივაციები არსებობს - ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისარგებლონ საპარლამენტო ტრიბუნით და პლატფორმით. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ჰქონდეთ მყარი პოზიციები და წარმატების უკეთესი შესაძლებლობები. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოზიტიური მოტივატორიც თავის როლს შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილიდან იმართება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG