Accessibility links

logo-print logo-print

სერგო ჩიხლაძე: ყველანაირად ვცდილობთ მოლაპარაკებების დაწყების ფორსირებას


სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხებზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს 2-3- დღეში გაიმართება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან აღნიშნა, რომ ამ მოლოდინის წანამძღვრები იყო ის შეხვედრები, რომლებიც ოპოზიციამ ცალ-ცალკე და ერთობლივად გამართა მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებთან. სერგო ჩიხლაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას გრძნობს და შესაბამისად ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების დაწყების ფორსირებას:

„ასეთი კრიზისი რომ არის ჩვენ, ოპოზიციის მხარე, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყანაზე და მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად ამიტომ ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვცდილობთ ფორსირებას მოლაპარაკებების დაწყების. ვაცნობიერებთ, სამწუხაროდ ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ფაქტია შემდგარი, რომ აჭიანურებს ამ პროცესს, რომ დროზე უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. დროზე უნდა დავიწყოთ ბევრი სხვა საკითხის გადაწყვეტა. იგივე კორონაკრიზისი ეკონომიკური კრიზისის მიმდინარე მოვლენები და რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ამძაფრებს და აძლიერებს იმ პრობლემებს და ჩავარდნებს, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ სერგო ჩიხლაძემ. იგი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან თავის პირობებზე შემხვედრ წინადადებებს ელოდება:

„ხშირად გვეკითხებიან თქვენ რა კომპრომისზე წახვალთ? საკუთარ თავს ხომ ვერ მოველაპარაკები? მოლაპარაკება არსებობს 2 მხარეს შორის. შესაბამისად მეორე მხარის წინადადებებიც უნდა ვიცოდეთ რომ მოხდეს როგორღაც დაახლოვება ამ საკითხში, ზოგიერთ საკითხში. ზოგში შეიძლება ვერ მოხდეს, მაგრამ რაღაცა გადაკვეთის წერტილები რომ შემდგომში საერთო ჩიხში არ შევიდეს პროცესი და ჩვენი ინფორმაციით უახლოეს 2-3- დღეში ე.წ. მესამე რაუნდი დაიწყება და ამის მერე მეტი კონკრეტიკის საშუალება და უფლებაც გვექნება ალბათ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "დილის საუბრებში".

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ, 25 ნოემბერს გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც მისი მხრიდან არ გადაიკვეთება. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG