Accessibility links

logo-print logo-print

ელისაშვილი: გუშინ დავინახე "ოცნების" მხრიდან ჩვენსკენ გადმოდგმული კომპრომისული ნაბიჯი


ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფასილიტატორ ელჩებთან კონსულტაციებზე მისთვის ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის მიმართულებით გადადგმული კომპრომისული ნაბიჯის შესახებ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის, თუმცა კარგი ტენდენციის მანიშნებელია:

„გუშინ დავინახე მაგიდაზე ქართული ოცნების მხრიდან ჩვენსკენ გადმოდგმული კომპრომისული ნაბიჯი და კონკრეტული კონტურები, წინადადებები და კონტურები პოზიციის, რაც ძალიან მომეწონა. რაც აქამდე არ იყო და რაც საკმარისი არ არის. თუმცა თვითონ ფაქტი, რომ როგორც ჩანს დაფიქრდნენ გაანალიზეს, რომ რთულია ვითარება, გამოსავალზე დაიწყეს ფიქრი და ეს გამოსავალი შემოგვთავაზეს, ეს თავისთავად კარგია. მთელი ამ ხნის მანძილზე გამოსავალი არ იყო, წინადადებები არ იყო, შემოთავაზებები არ იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის თქმითაც, ხელისუფლების კომპრომისული წინადადება ოპოზიციის წარმომადგენლებს ელჩებმა გააცნეს. „დილის საუბრებში“ მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ეს წინადადება, თუმცა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში დაირღვეს ოპოზიციის 3 მთავარი მოთხოვნა, მან განაცხადა:

„ვნახოთ, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. უფრო სერიოზული შემოთავაზებები უნდა იყოს. სამ მოთხოვნას, არჩევნებს, ადმინისტრაციის რეფორმასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფეხს არ ვუცვლით ნამდვილად, ჯერჯერობით ამ სამი მოთხოვნის გარშემო ერთობის დარღვევის რისკი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს, იმათაც, მაგრამ გუშინ იყო რაღაცა დაახლოების მცდელობა, რაც თავისთავად კარგია. კარგი იყო რაც გამოჩნდა, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ ეს ერთობას ვერ დაანგრევს. თავისთავად ეს ერთობა არ არის რაღაცა ფეტიში. მთავარია რაღაც გამოსავლამდე მივიდეთ და კარგი იქნება, თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს გამოსავალი იქნება გონივრული.“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „დილის საუბრებში“.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ, 25 ნოემბერს გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც მისი მხრიდან არ გადაიკვეთება. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG