Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ღონისძიებების მიზანი ეპიდემიის ზრდის სისწრაფის შეჩერებაა. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრები ასეულებამდე ან ათეულებამდე დავა.

„ეს ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ ორთვიანი გეგმით, ორთვიანი ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე რამაც თავის მხრივ ეფექტურად და ბუნებრივად უნდა შეამციროს ტრაგიკული და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება (28 ნოემბერი - 31 იანვარი):

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, "დელივერი", "დრაივი".
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდი ქალაქები და ზამთრის კურორტები

  • დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

დამატებით ზამთრის კურორებზე

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას;
  • სხვა.
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG