Accessibility links

site logo site logo

თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ


პანდემიის პირობებში, სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიზღუდა საცალო ვაჭრობა, მოლები და მაღაზიები დამხარება იქნება მიმართული თვითდასაქმებულებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ, მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხა, ვისთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად, ამ სფეროში დასაქმებულს სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პირველი ტალღის პერიოდში ერთჯერადი 300-ლარიანი მიზნობრივი დახმარებით ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა. ამჯერად იქიდან გამოდინარე რომ „დავიწროვებულია სფერო, ვისაც ეს დაეხმარება გაეწევა, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით ამის ნახევარი - სადღაც 100 -120 ათასი ბენეფიციარი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შეზღუდვა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა. მაშინ ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვადასხვა დროს მოქმედებდა "კომენდანტის საათი", აკრძალული იყო ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის დახურული იყო კაფე-ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო პროცესი კი სულად ონლაინსივრცეში გადავიდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, თუმცა მანამდე პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაეწესებინა. სწორედ ამ უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების მსგავსია. ამ რეგულაციის ფარგლებში ამ დრომდე აკრძალულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე 7 ქალაქში გადაადგილება, საგანმანათლებლო პროცესი კვლავ ონლაინსივრცეში გადავიდა, აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეებში პირბადის გარეშე გადაადგილება და კვლავ დახურულია ბიზნესის ერთი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG