Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: დღეს დილით კოვიდინფიცირებულებისთვის 421 საწოლია თავისუფალი


თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მონაცემებით, 27 ნოემბრის დილისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირებულებისათვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 421-ს შეადგენს. მისი თქმით, ნაკადები აქტიურია, ჯანდაცვის სექტორზე დიდი დატვირთვა მოდის, თუმცა გარკვეული რესურსები არსებობს:

„რა თქმა უნდა, გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე და დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა, სხვაგან - შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი იყოს შენარჩუნებული მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის და თუ პაციენტს რეალურად არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 27 ნოემბრის დილის მდგომარეობით სტაციონარში კოვიდინფიცირებული 5577 ადამიანი მკურნალობს, მათგან 1034 ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, 360 კი არის მძიმე და კრიტიკული პაციენტები და ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იმყოფებიან. მისივე თქმით, ამ დროისათვის კოვიდსასტუმროებში 3500-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას.

საქართველოში 27 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 4 780 პირს დაუდასტურდა ვირუსი. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 37 და გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 123 470 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 102 270​. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 1 161-ს შეადგენს.

ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3000-4000 შემთხვევის ფარგლებში მერყეობს. მოქალაქეები ჩივიან, რომ მძიმე ავადმყოფები სტაციონარებში მოხვედრას და სათანადო მკურნალობის ჩატარებას ვერ ახერხებენ.

27 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა თანახმად, რეგულაციების გამკაცრების მთავარი მიზანი კოვიდინფიცირების გავრცელების მასშტაბების შემცირება და ავადმყოფთა ნაკადების მართვის გაუმჯობესებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG