Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი გარემოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს


რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ, ტანსაცმლით მოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის შეზღუდვებს. მათ რეგულაციის დაცვა 29 ნოემბერს ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს.

მოვაჭრეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან იკამათეს.

"ჩვენს ბავშვებს ვინ აჭმევს?! მე რომ ვაჭრობა შევწყვიტო, როგორ ვიარსებოთ?!", - მიმართა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, აკაკი ხვედელიძეს.

"მოგვეცით კომპენსაცია. მე ის 100-ლარიანი დახმარებაც არ მეკუთვნის, რომელიც მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის გაითვალისწინა, რადგან რეგისტრირებული არ ვარ", - განაცხადა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მოვაჭრეებს უთხრა, რომ მათ გარდა შეზღუდვებით გათვალისწინებულ პირობებს ქალაქში ყველა სავაჭრო ობიექტი მაქსიმალურად იცავს. ამავე სამსახურის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ 30 ნოემბრიდან, ვინც არ დაემორჩილება პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფულად ჯარიმებს დააკისრებენ. დასაქმებული ადამიანები აპირებენ, მუშაობა გააგრძელონ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მაშტაბით შეზღუდვები დააწესა. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG