Accessibility links

logo-print logo-print

შეზღუდვები, რომლებიც  პატარა ქალაქებში მოქმედებს


ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან საქართველოს პატარა ქალაქებს მხოლოდ „კომენდანტის საათი“ და სარესტორნო ბიზნესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა ეხება, სხვა შეზღუდვები პატარა მუნიციპალიტეტებზე არ მოქმედებს.

თუმცა ბიზნესის იმ წარმომადგენელთა ნაწილი, რომლებსაც შეზღუდვები არ ეხებათ, რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ შესაძლოა მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება თავადვე მიიღონ, რადგან მყიდველი, ფაქტობრივად, აღარ ჰყავთ.

ერთი მაღაზიის მფლობელი გვეუბნება, რომ მას გასაყიდად მომარაგებული აქვს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტი, თუმცა დღის განმავლობაში ერთ ან ორ მყიდველს თუ ღებულობს. ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს არსებული შემოსავლები არა ახალ ტანსაცმელში, არამედ საკვებში დახარჯოს.

„ახლა დღის 12:00 საათია და ჩემს მაღაზიაში კაციშვილი ჯერ არ შემოსულა. არაფერი გამიყიდია. მე მაქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, ბანკის დიდი ვალი. რა გავაკეთო? რადგან არ დაგვკეტეს, დიდი მადლობა, მაგრამ მუშაობა მაინც არ გვაქვს და რა გამოდის, ვართ დაკეტილი, ხომ?! ნისიად მაქვს ტანსაცმელი გაყიდული და ვალიც აღარავის მოაქვს. რა ხდება ქვეყანაში, არ ვიცით!“

ნათია გაფრინდაშვილის ოჯახს ბიზნესი ლაგოდეხში აქვს. თავად ნათია მაღაზიას ამუშავებს, სადაც ჭურჭელი და სასაჩუქრე ნივთები იყიდება. მათი მეორე საქმიანობა სარესტორნო ბიზნესია. ამ ბიზნესს დაწესებული აკრძალვები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეხო და ამიტომ მუშაობა შეაჩერეს. ნათიას თქმით, მართალია, მათ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, მაგრამ არ ჰყავთ მომხმარებელი.

„რესტორნის დაკეტვა აქაც მოგვთხოვეს. გვითხრეს, გატანის სერვისით იუმუშავეთო, მაგრამ ვერ ვმუშაობთ, რადგან ხალხს ეშინია დაინფიცირების და შეკვეთებიც არ არის. რესტორანი მხოლოდ ახლა კი არა, ფაქტობრივად, მარტის შემდეგ დაკეტილია. ჩვენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და, შესაბამისად, ლუკმაპურის გარეშე“.

საქართველოს პატარა მუნიციპალიტეტებზე არ ვრცელდება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იმუშაონ მხოლოდ ონლაინრეჟიმში, თუმცა რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის არიან მასწავლებლები და მოსწავლეებიც. ამიტომ კახეთის 206 სკოლიდან 126 -ში სწავლა უკვე შეჩერებულია. ოფიციალური აკრძალვა არ მოქმედებს არც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით, თუმცა დღეიდან რეგიონში არც ერთი ბაღი არ მუშაობს. ამ გადაწყვეტილებას ლაგოდეხის მერის მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე ასე ხსნის:

„ბაღები ღია კი იყო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? არსებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემი სურვილითვე შვილი აღარ დამყავდა. ასე იყვნენ სხვა მშობლებიც. დღეიდან კი ყველა ბაღი დავკეტეთ“.

11 სექტემბრიდან დღემდე კახეთში კოვიდ-19-ის 3 800-მდე დადასტურებული შემთხვევაა. რეგიონში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კახეთში სამი კოვიდმიმღები კლინიკაა და სამივე სრულად არის დატვირთული. სპეციალისტების მიერ კახეთში არსებული მონაცემები ფასდება როგორც რთული, თუმცა შეზღუდვები არ არის მკაცრი. დღეს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილს ვკითხეთ, რა გარემოებების მიხედვით აწესებენ სამთავრობო უწყებები კონკრეტულ ქალაქებში შეზღუდვებს.

„ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სწავლობს ექიმების ჯგუფი და რეკომენდაციაც მათ ეკუთვნით, თუ სად დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები. ჩვენ არ გვინდა, რომ სისტემური ჩაკეტვა იყოს და მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ შრომის საშუალება. ეპიდემიოლოგები თუ განსაზღვრავენ, რომ ესა თუ ის დასახლება უნდა ჩაიკეტოს და გამკაცრდეს ზომები, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.

კახეთში სულ 8 ქალაქია. აქედან მხოლოდ თელავი მოხვდა იმ ქალაქების ჩამონათვალში, სადაც შედარებით მკაცრი ზომები მოქმედებს. აქ მუშაობა შეაჩერა ყველა იმ მაღაზიამ და ბაზარმა, სადაც სურსათი არ იყიდებოდა. მუშობას აგრძელებენ ასევე აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები, პრესის ჯიხურები. თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ შეზღუდვები მხოლოდ თელავს ეხება და არა მთლიანად მუნიციპალიტეტს. თელავისგან განსხვავებით, სოფლებში მუშაობა არ შეუჩერებიათ, მაგალითად, ტანსაცმლის, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG