Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით თბილისში 19 წლის გოგო გარდაიცვალა


გერმანულ ჰოსპიტალში 29 ნოემბერს 19 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე ის კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა და გერმანულ ჰოსპიტალში 24 ნოემბერს გადაიყვანეს.

„პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.

კრიტიკული მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“, – ასე განმარტა პაციენტის მდგომარეობა გერმანული ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ეკატერინე ლორიამ. მისივე ვარაუდით, მდგომარეობის დამძიმების მიზეზი შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობა იყოს.

„არსებული ინფორმაციით, რაც იყო და დაფიქსირდა კლინიკაში შემოსვლისას, ეს არ იყო მძიმე, იყო კრიტიკული. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.

მანამდე, სავარაუდოდ, შეკრებილი ანამნეზიდან შეიძლება გითხრათ, რომ თანხმლები დაავადება რაღაც პერიოდში არ იყო გონივრულად მართული, თვითონ პაციენტის მიერ თუ მკურნალი ექიმის მიერ, ამას ვერ გიდასტურებთ. თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ მძიმე“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ. კლინიკის განმარტებით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადება, დიაბეტი ჰქონდა და კლინიკაში მიყვანისას მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1303-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG