Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი განარისხა უკრაინაში უნგრეთის კულტურული ასოციაციის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ


უნგრეთმა საკონსულტაციოდ გამოიძახა უკრაინაში თავისი ელჩი მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს კარპატისპირეთში უნგრეთის კულტურული ასოციაციის ხელმძღვანელის სახლი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, უკრაინა მეზობელი სახელმწიფოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საკითხს წამოჭრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წინაშე.

„არასწორია, რომ ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სურს, მიზანში ჰყავდეს ამოღებული ნატოს ერთ-ერთ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ეროვნული უმცირესობა“, - დაწერა სიიარტომ ფეისბუკში.

წინა დღით უკრაინის უშიშროების ძალებმა სანქცირებული ჩხრეკა ჩაატარეს კარპატისპირეთში, ერთ-ერთ ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სახლში ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია საქმიანობაზე, რომელიც არღვევს უკრაინის ეროვნულ სუვერენიტეტს.

უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიურ დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

26 ოქტომბერს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უნგრეთის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც, კიევის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების წინ კარპატისპირეთში კომპაქტურად მცხოვრები უნგრელების აგიტაციას ეწეოდნენ.

25 ოქტომბერს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა უკრაინის საარჩევნო პროცესში ბუდაპეშტის ჩარევის შესახებ და უნგრეთი უკრაინის კანონმდებლობის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯს უწოდა „არამეგობრული ქმედება“ უკრაინის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG