Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ECHR-ი ერთად განიხილავს უკრაინისა და ნიდერლანდის სარჩელებს რუსეთის წინააღმდეგ


მალაიზიის "ბოინგის" ნამსხვრევები. 2014 წ. ფოტო.
მალაიზიის "ბოინგის" ნამსხვრევები. 2014 წ. ფოტო.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს, რომელიც უკრაინამ შეიტანა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, შეუერთა მიმდინარე წლის ზაფხულში ნიდერლანდის მიერ შეტანილი სარჩელი დონბასის ცაში 2014 წელს მალაიზიის „ბოინგის“ განადგურებასთან დაკავშირებით.

როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ივან ლიშჩინამ დაწერა საკუთარ გვერდზე ფეისბუკში, უკრაინის თვალსაზრისით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში „არის პლუსები და მინუსები, მაგრამ პლუსები მეტია“. საქმის ასე წარმოების დადებით მხარეთა შორის, ლიშჩინას აზრით, არის ის, რომ ამგვარად უკრაინას საშუალება მიეცემა, გაეცნოს „ბოინგის“ კატასტროფასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ საგამოძიებო მასალებს. მისი აზრით, უარყოფითი მხარეა ის, რომ ახლა სარჩელის განხილვა შეიძლება ერთგვარად გახანგრძლივდეს.

საქმეს მიუერთეს უკრაინის კიდევ ერთი სარჩელი - ბავშვების თაობაზე, რომლებიც უკრაინის თანახმად, დონბასის სახელმწიფო დაწესებულებებიდან უკანონოდ წაიყვანეს რუსეთში.

რუსეთის წინააღმდეგ ნიდერლანდის სარჩელი ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა, ივლისში დარეგისტრირდა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებელია რუსეთი, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ „ბოინგი“ ჩამოგდებულ იქნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკით“, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შეიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG