Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 დეკემბერს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდება 


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუკზე" წერს, რომ მისი სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს განახლდება. ის ამბნობს, რომ მისი სასამართლო პროცესის გაჩერება 8 მარტს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ნაწილი იყო. „მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში.

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, „ოცნებასთან" მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად", - წერს გვარამია.

გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ „ეს პერიოდი არანაირი აქტივობა სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა. დღეს უკვე შეგვატყობინეს, რომ განახლდება სხდომები. მე პირადად ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში დაინიშნება სასამართლო სხდომები ანუ ინტენსიურად განიხილავს სასამართლო ამ საქმეს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა სასამართლოსთან კომუნიკაციის შემდეგ".

24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე სხდომის დაწყებამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, რომ მის მეუღლეს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა მაშინ, როდესაც ოფიციალურად დადგენილება, საკუთრების დადგენის მიზნით, მანქანაზე თვალთვალს შეეხებოდა.

საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG