Accessibility links

logo-print logo-print

როგორ დაემსგავსა "წერტილოვანი შეზღუდვები" "ლოკდაუნს" 


საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ პარლამენტისგან მიღებული უფლებით შეზღუდვების დაწესებისას მთავრობა გამონაკლისების გარეშე იყენებს მხოლოდ ერთ ტერმინს - "წერტილოვანი შეზღუდვები". თუკი წერტილოვანი შეზღუდვები იმაზე მკაცრია, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ მონაკვეთში იყო, რატომ არ არქმევს მათ მთავრობა "ლოკდაუნს".

10 ნოემბერს, როცა ღამით გადაადგილება რამდენიმე დღის შეზღუდული იყო, რადიო თავისუფლებამ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რით განასხვავებოდა იმ დროისთვის მოქმედი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობისგან. ამ კითხვაზე მან ასეთი პასუხი გასცა:

"მაგალითებს შეგახსენებთ, რაში იყო საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება - რაიონები ჩაიკეტა (მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო). როდესაც რაიონები იკეტება, ეს არის მძიმე შეზღუდვა და ამას სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მომსახურების ობიექტების უდიდესი ნაწილი მთლიანად დაიხურა, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და ა.შ. - როდესაც ასეთი მასშტაბური შეზღუდვაა, ამასაც სჭირდება საგანგებო მდგომარეობა. ახლა არის მინიმალური შეზღუდვები დაწესებული - კაფეებიც მუშაობს, რესტორნებიც მუშაობს, სხვა სერვისებიც მუშაობს, მინიმალურ დონეზეა ეკონომიკური საქმიანობები შეზღუდული და ღამით მიმოსვლა. ეს არის მინიმალური შეზღუდვები, რასაც არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, განსხვავებით რაიონების ჩაკეტვისა და რესტორნების [დახურვისგან]".

ახლა შეზღუდულია მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით არის შესაძლებელი; არ მოძრაობს ავტობუსი, მიკროავტობუსი, რკინიგზა, ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ტაქსი ემსახურება მხოლოდ ორ ადამიანს; მოქმედებს კომენდანტის საათი; საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; აკრძალულია 10 კაცზე მეტის შეკრება; გაჩერებულია რესტორნები (მხოლოდ გატანის სერვისი აქვთ); აკრძალულია ღონისძიებების გამართვა, მათ შორის - ქორწილების, ქელეხებისა და სხვა; დაკეტილია სავაჭრო ცენტრებიც, ტანსაცმლის მაღაზიებიც და სპორტდარბაზებიც.

მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და რეგულაციები ყველაზე მკაცრი იყო, ახლა მოქმედ "წერტილოვან შეზღუდვებთან" შედარებით ვითარება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით განსხვავდებოდა. შეზღუდული იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, აღდგომის დღესასწაულისთვის აიკრძალა მანქანით გადაადგილება და სასაფლაოზე გასვლა, ჩაიკეტა რამდენიმე მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, აკრძალული იყო აქციების გამართვა.

მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მთავრობა კონსტიტუციის გვერდის ავლით ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ამ საქმეზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა. სარჩელი რამდენიმე თვეა განუხილავად დევს. მაშინ, როცა სარჩელს სასამართლო არ იხილავს, მთავრობის დადგენილების დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით აჯარიმებენ.

მთავრობის გეგმით, "წერტილოვანი შეზღუდვები" მინიმუმ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG