Accessibility links

logo-print logo-print

ამირან გამყრელიძე ტესტირების გაფართოების მიზნად ასახელებს ეპიდემიის ჯაჭვის გაწყვეტას


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბერ-იანვარში მოქმედი შეზღუდვების პერიოდში უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს ტესტირების ხელმისაწვდომობა კორონავირუსით ინფიცირების ადრეული იდენტიფიცირების მიზნით.

სწრაფი ტესტირების გაფართოების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ თქვა, რომ ანტიგენზე დამყარებული ახალი თაობის სწრაფი ტესტი, თუ ის სწორი ჩვენებითაა გაკეთებული, იმავე შედეგს იძლევა, რასაც PCR ტესტი, ამიტომ მისი მაქსიმალურად გამოყენების რეკომენდაცია არსებობს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით და თუ, მაგალითად, დღეს დილის მონაცემებით გაკეთებულია 10 234 PCR ტესტი და 3700-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ეს მაჩვენებელი უნდა გაორმაგდეს 20 000-25 000-ის ფარგლებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, სწრაფი ტესტირების გაფართოებით უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იზოლირება იმ ადამიანების, რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ან უსიმპტომოები არიან, გამოსაკვლევად არ მიდიან, მაგრამ არიან გამავრცელებლები: „ანუ ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ეპიდემიის გავრცელების, ან შევანელოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ყველა ინფიცირებულის, იქნება ეს მსუბუქი თუ უსიმპტომო, და შემდგომ მათ იზოლირებას. ეს არის ძირითადი მიზანი, თუ რატომ უნდა კიდევ მეტად გაფართოვდეს სწრაფ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში“.

ამირან გამყრელიძის თანახმად, ამჟამად ქვეყანას აქვს ანტიგენზე დამყარებული 350 000-მდე სწრაფი ტესტი და უკვე არსებობს დეკემბერ-იანვარში ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების გეგმა.

გამყრელიძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირება ჩატარდება 200-მდე პოლიკლინიკაში, ამბულატორიასა და სტაციონარულ დაწესებულებაში და, ამასთან, სტაციონარში მოთავსებული ყველა ადამიანი ნებისმიერი დიაგნოზით, დაექვემდებარება სწრაფ ტესტირებას. გამყრელიძის განმარტებით, სწრაფი ტესტი პასუხს იძლევა 15-20 წუთში და მათთვის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, შექმნილია ე.წ. სამახსოვრო, თუ რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4033 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 143 376 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 121 621. COVID-19-ით გარდაცვლილია 1342 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG