Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეში 4-5 ათას ინფიცირებულს არ პროგნოზირებდა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას ხშირად აკრიტიკებენ და უსვამენ კითხვას ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით არსებულ მოსამზადებელ სამუშაოებზე - „მზადება როგორი იყო? და რომ არაფერი გაკეთებულა? და ა.შ“. ამირან გამყრელიძის თქმით, კრიტიკის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ამასთან, მისი განმარტებით, კოვიდინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რაც ახლაა, არავინ პროგნოზირებდა.

„როგორ არ გაკეთებულა, გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 და 5 ათასამდე შემთხვევა, პირდაპირ გეტყვით, და ამას რამ შეუწყო ხელი, ამაზეც რამდენჯერმე მოგახსენეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ ჩამოთვალა მიზეზები, მათ შორის, ზაფხულის პერიოდში „აგვიფეთქდა ბათუმი“, რასაც მოჰყვა მაღალი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს.

„ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-1700 შემთხვევით დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში ავედით 3 ათასზე, ანუ გაგვიორმაგდა და მეტიც, ეს იყო ამ მობილობის და შემდგომში სხვა მობილობების კუდი და გამოხატულება, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, არ ეგონა, თუ „ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა“. ხარვეზები არის ყველა სფეროში მაგრამ სისტემა უძლებს და ეს სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა, - განმარტა მან.

მისი სიტყვებით, გასული კვირის მონაცემებით, სულ პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულია 8 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი, რომელთა უმრავლესობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს.

„გასულ კვირას დაიღუპა 3 ექიმი, მათ შორის, ჩვენი ცენტრის თანამშრომელი, ქუთასის ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი, დაგვეღუპა ექიმები აჭარაში, თბილისში, რთულია ეს ყველაფერი და, ხაზს ვუსვამ, სისტემა, შედარებითია, უკეთ არის მზად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოქტომბერში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ პროგნოზირება უმადური რამაა, მაგრამ ნოემბრიდან საქართველოში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათასს მიაღწიოსო.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 4033 ადამიანი დაინფიცირდა, დღემდე 4 ათასზე მეტი შემთხვევა იყო 22, 27, 28 და 29 ნოემბერს. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 143 376 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4061-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 121 621.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1342-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG