Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“


ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს ადამიანის უფლებების სფეროში სანქციების ახალ რეჟიმს, რომელსაც ზოგჯერ „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“ უწოდებენ.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, 7 დეკემბერს ამ დოკუმენტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ და ის ოფიციალურად შევა ძალაში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს.

როგორც ევროკავშირის წყაროებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, არ არის მოსალოდნელი, რომ სანქციები ახლავე დაუწესონ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, შესაძლებელია, ეს მომავალი წლის დამდეგს მოხდეს.

სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს. ისინი შეიძლება შეეხოს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებს მთელს მსოფლიოში.

როგორც მოწმობს დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა რადიო თავისუფლებას, სანქციები შეიძლება შეეხოს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, პასუხისმგებელი არიან გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის, მონობის, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოკვლისა და სხვა მსგავსი დანაშაულებებისთვის.

ის ასევე შეიძლება დაუწესდეთ ადამიანებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანების ტრეფიკინგთან, მიგრანტების ტრეფიკიორთა დანაშაულებებთან, სექსუალურ და გენდერულ ძალადობასთან, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დარღვევასა და სხვა დარღვევებთან, თუკი მიიჩნევა, რომ დარღვევები „ფართოდ გავრცელებული და სისტემურია“.

აშშ-მა 2012 წელს მიიღო „მაგნიტსკის აქტი“, რომლითაც სანქციები დაუწესდა რუსეთის მრავალ ოფიციალურ პირს. 2016 წელს ეს აქტი გაფართოვდა და გავრცელდა სხვა ქვეყნებზეც. მისი სახელი უკავშირდება რუს იურისტ სერგეი მაგნიტსკის, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის საპატიმროში მას შემდეგ, რაც მან რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და ხელისუფლებას ბრალი დასდო სახელმწიფოსგან 230 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის მითვისებაში თაღლითური სქემის მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG