Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პარიზში მიემგზავრება


საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო დღეებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშებს, 6 დეკემბერს კი პარიზში გაემგზავრება, სადაც 8 დეკემბერს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველი ფუტსალელები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კი სომხეთსა და ბულგარეთს შორის გასამართ პლეი ოფში უნდა გაირკვეს.

შესარჩევი ციკლი 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად.

რვა ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასულთაგან ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ბოლო - მეთხუთმეტე - საგზურისთვის. ევროპირველობაზე სულ თექვსმეტი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ჰოლანდიაც, რომელიც, მასპინძლის სტატუსის გამო, შესარჩევ ციკლში მონაწილეობას არ იღებს.

ევროპის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება 2022 წლის იანვარ-თებერვალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG