Accessibility links

logo-print logo-print

24 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა განმარტებას აკეთებს


მცხეთის სამედიცინო ცენტრში 1 დეკემბერს 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის კორონავირუსით კლინიკაში დაინფიცირდა და ექიმების მხრიდან არასათანადო მოვლაზე საუბრობენ, კლინიკაში კი ამბობენ, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციისას უკვე მძიმე იყო და სიცოცხლის ბოლო დღეებში ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ნინო გულიკაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 18 დეკემბერს შეიყვანა სასწრაფოს ეკიპაჟმა, რომელმაც მანამდე ის შავი ზღვის ჰოსპიტალში წაიყვანა კოვიდ-19-ზე ტესტის ჩასატარებლად. შავი ზღვის ჰოსპილაში გაკეთებულმა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა, მაგრამ ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დამატებითი კვლევების ჩასატარებლად და ახალი პაციენტის მისაღებად კლინიკას ადგილი არ ჰქონდა, ის იმავე სასწრაფოს ეკიპაჟმა მცხეთაში წაიყვანა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში გაკეთებულმა პისიარ ტესტმა დაადასტურა, რომ ნინო გულიკაშვილს კორონავირუსი ჰქონდა, სხვა კვლევებმა კი აჩვენა ორივე ფილტვის ანთება - ჩივილებს შორის იყო სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა და ხველა. პაციენტს რუტინული კვლევები დაენიშნა, რომელმაც აჩვენა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი - გარდაცვლილს დიაბეტის დიაგნოზი ამ დრომდე დასმული არ ჰქონდა.

“ჰქონდა ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს კოვიდ-19-ს. 112-მა შემოიყვანა ჩვენთან პაციენტი შეთანხმებით, როგორც ხდება პროტოკოლურად. ჩავატარეთ პისიარ კვლევა და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ჩვენთან მოსვლამდე მას ჰქონდა ჩატარებული სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც საჭიროებს გადამოწმებას პისიარ კვლევით. გოგონას ჰქონდა ჭარბი წონა, გარკვეული ჰორმონალური ცვლილებები, როცა დამძიმდა, გამოვლინდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი - ჩვენ გვაძლევს ეს იმის ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლებელია მას ჰქონდა დიაბეტის ლატენტური ფორმა, რომელიც ამ დრომდე არ იყო დიაგნოსტირებული პაციენტისგან. შემოსვლისთანავე მძიმე იყო, ჟანგბადის საჭიროება, სისხლში ცვლილებები, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა თავიდანვე და ითვლებოდა საყურადღებო, მძიმე პაციენტად. 30-ში განვითარდა სპონტანური პნევმოთორაქსი - ამის ფონზე კრიტიკულად დამძიმდა და მოხდა მისი რეანიმაციაში მოთავსება” - უთხრა რადიო თავისუფლებას მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ.

24 წლის პაციენტის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგლემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ამ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის, მანამდე კი რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე საუბარი შეუძლებელია.

“სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, - განაცხადა გაბუნიამ 3 დეკემბერს.

“მთავართან” ინტერვიუში გარდაცვლილის ბიძაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს." - ამბობს მარიამ გულიკაშვილი.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ ოჯახის წევრების მხრიდან გაჟღერებული ფაქტების კომენტირება არ ისურვა ამ თემაზე გაკეთებულ პრეკონფერენციაზე და თქვა, რომ პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა.

“მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება“,- თქვა ლიკა მუმლაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 3 დეკემბერს 1387-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG