Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები საერთო პოზიციაზე შეთანხმებით დასრულდა


ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები "ლელოს" ოფისში დასრულდა საერთო პოზიციაზე შეჯერებით, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.

განახლებულ პოზიციებს დიპლომატიურ კორპუსს ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ ხვალ, 4 დეკემბერს წარუდგენენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიაწოდა.

„არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის, რა მივამატეთ და რა ფორმაცია აქვს მოთხოვნებს, საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, ამის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ, როგორც კი დიპლომატებთან გვექნება კომუნიკაცია საერთო შეჯერებული პოზიციით - ჩვენ მათთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით ოპოზიციის კონსულტაციებმა ლელოს ოფისში ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაიარა:

„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს დისკუსია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც და ახლა ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც შეთანხმების დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია. მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად, აქვს შეთავაზებაც:

„ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ძველი მოთხოვნები კვლავ ძალაში რჩება.

ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში, - განაცხადა თავის მხრივ შეხვედრის დასრულების შედეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ერთიანობის პოზიცია კვლავ ახალ არჩევნებშია.

„ძალიან ბევრია სამსჯელო მიმდინარე საკითხებზეც და უფრო გრძელვადიან ტაქტიკაზეც. მთავარი ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ოპოზიცია არის სრულიად ერთიანი საკუთარ მიდგომებში“, - აღნიშნა ასევე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დღეს, 3 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართულები. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ მოთხოვნას აყენებს. ესენია ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG