Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაც


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას. რესპუბლიკელების ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი ხმათა უმრავლესობით, 3 დეკემბერს დაამტკიცეს.

25 ნოემბერს ამავე შინაარსის რეზოლუცია მიიღო საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა და მთავრობას მოუწოდა, აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანის და მისი მოკავშირე თურქეთის აღშფოთება გამოიწვია.

საფრანგეთის პარლამენტში მიღებულ ამ დოკუმენტებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მთავრობა ვალდებული არ არის გადაწყვეტილება აღასრულოს.

საფრანგეთის მთავრობამ სენატის გადაწყვეტილების შემდეგ გამოაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ აპირებს და ეს პოზიცია გაიმეორა ეროვნულ ასამბლეაშიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას სომეხი მეგობრებიც კი არ მოითხოვენ. მინისტრის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საფრანგეთის გასვლას ეუთოს ჯგუფიდან, რომელიც ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი.

ჟან-ივ ლე დრიანი
ჟან-ივ ლე დრიანი

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაიკავეს არაერთი რაიონი.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG