Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" იყოფა


პარტია "გირჩი" იშლება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში დაწერა, ის აღარ აპირებს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად "გირჩის კეთებას".

"სალამი მეგობრებო, მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცები. ცხოვრებაში წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა”, - წერს ჯაფარიძე.

შიდა ჯგუფში ჯაფარიძის ამ პოსტიდან მალევე, კიდევ ერთმა წევრმა, ტორესა მოსმა თქვა, რომ ტოვებდა პარტიას. მან ოფიციალურ მიზეზად თქვა, რომ "აღარ უნდა რომელიმე პარტიასთან ასოცირდებოდეს".

როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას, რომელი წევრები რჩებიან და რომლები მიდიან ან გეგმავს თუ არა რომელიმე მათგანი პარლამენტში შესვლას, ჯერ უცნობია. პარტიის პრესსამსახურში და თავად ჯაფარიძემაც რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG