Accessibility links

logo-print logo-print

ვანო მაჭავარიანი: ელჩები ამბობენ, რომ პარლამენტშია პრაქტიკული, რეალური პოლიტიკა და არა ქუჩაში


უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ოპოზიციაში პასუხისმგებლობის მეტი პოტენციალია. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ საჭიროა, პროცესებს საერთაშორისო კონტექსტიდან შევხედოთ:

„ეს ყველაფერი საქართველოს კონტექსტში არის საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე. შენ გეძლევა პერსპექტივა, ნორმალურად წარმართო პროცესი. ოპოზიციის პასუხისმგებლობა აქაც არის.

მოდი ახლა ნუ აურევ, - ამას ეუბნებიან ელჩები. ეხლა არ არის ამის დრო და საშუალება. პარლამენტი არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია შენ დააფიქსირო შენი პროტესტი, შენი განსხვავებული აზრი. ქუჩა, საპროტესტო აქციებიც შენი საქმეა, თუ გადაწყვეტ! დაუცადე მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლას. ოპოზიციას ეს განწყობა აქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დემოკრატია, ოლიგარქია, რუსეთი, გეოპოლიტიკა საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება, მათ შორის - უკრაინასთან ბმაში. ამიტომ თუ ომში ხარ, ეს მომენტი და ეს მომენტუმი შენსკენ უნდა გადმოიხაროს. ახლა არ არის ოპოზიციის მხარეს და ამიტომ გეუბნებიან, გამოუცხადე ბოიკოტი პირველ სესიას, იფიქრე ფორმაზე, ნუ ელოდები "ოცნებისგან", რომ რაღაც კომპრომისს შემოგთავაზებენ. მე შევეცდები კომპრომისი შევთავაზო "ოცნებას", მაგრამ შენ თვითონ იფიქრე იმაზე, რომ ქუჩაში დარჩენით ვერაფერს ვერ მიიღებ. შენს ამომრჩეველსაც დაკარგავ, სოციალურ-ეკონომიკურ-პანდემიური თემებიც სერიოზული პრობლემა აღმოჩნდება და შენ არ აღმოჩნდე ის განტევების ვაცი, რომელიც "ოცნებას" შეუძლია შექმნას თავისი ტელევიზიებით, რომ შენს გამო არის სიტუაცია მძიმე“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვანო მაჭავარიანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შეფასებისას. მისი თქმით, ელჩები ამბობენ, რომ პარლამენტშია პრაქტიკული, რეალური პოლიტიკა და არა ქუჩაში და, შესაბამისად, ოპოზიციამ ოპტიმალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:

„თუ მექანიზმი არის პარლამენტში კომისიების შექმნა და ამით მუშაობა, გეუბნებიან შენი პარტნიორები, რომ ამაში მხარს დაგიჭერთ... ეხლა პირდაპირ როცა გეტყვის შენი სტრატეგიული პარტნიორი მოლაპარაკებებზე, რომ შენ არ გახდე დესტაბილიზაციის ფაქტორი, იმიტომ რომ ის მივარდნა საარჩევნო კომისიაში და ამ წყლის ჭავლებთან ჭიდაობამ არაფერი არ მოგცა, ამიტომ ეს არ არის ის გზა, რომელსაც მე მხარს დავუჭერ, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა იყოს?“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციამ ევროპული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და პარლამენტში შევიდეს.

გუშინ, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ მოთხოვნას აყენებს. ესენია ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

3 დეკემბერს გამართულ მორიგ კონსულტაციებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG