Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ეძებენ "მილიციაში" დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ძმას  


რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა აცამაზ ჯაბიევი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. აცამაზ ჯაბიევი სამი თვის წინ, დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ტყუპისცალი ძმაა.

დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, "დაწყებულია შემოწმება აცამაზ ჯაბიევის მიმართ, რომელმაც 11 ნოემბერს, ცხინვალის პროკურატურის შენობაში უცენზურო ფრაზებით შეურაცხყო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო 4 დეკემბერს, ხელისუფლებას შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებდა ცხინვალის თეატრალურ მოედანზე". დე ფაქტო პროკურატურის ცნობითვე, აცამაზ ჯაბიევი სამართალდამცავებს მიემალა.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი „მილიციის“ რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე.წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესაობა.

გასული კვრის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიების და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG