Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა


დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე facebook-ზე. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე სხალთელ მთავარეპისკოპოსს სპირიდონს.

დეკანოზი დავით ქვლივიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ სასულიერო პირს შორის, რომელთაც კორონავირუსს ცრუ პანდემია უწოდეს და ამასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1540-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2501 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 1820-ით ნაკლებია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 164 976 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3988-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 137 499.

XS
SM
MD
LG