Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე ავიდა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას 2 მთავარი გზავნილით მიმართა. ეს გზავნილები შეეხება პირბადეების ტარებას და ტესტირების გაფართოების პროცესში ჩართვას. კერძოდ, მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და 55 %-დან 65 %-მდე ავიდა. ამირან გამყრელიძემ ხალხს პირბადის ტარების მაჩვენებლის მაქსიმუმამდე, 95 %-მდე გაზრდისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ ყველა რეკომენდაცია შესრულდება და პიბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, თვის ბოლოს ახალ შემთხვევათა რიცხვი შესაძლოა განახევრდეს კიდეც.

„თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო აპრილისთვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს უკვე დღიური სადღაც 200-ის ფარგლებში. რაც, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და პირბადეების ტარებასთან ერთად, მოსახლეობას ტესტირების გაფართოებაში ჩართულობისკენ მოუწოდა:

„ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარალელურად ტესტირების გაფართოვებას. ჩვენთვის ასეთი სამიზნე არის 20 000 ტესტი დღეში და 20-ზე თუ ავედით მუდმივად, მაშინ კიდევ ახალი სამიზნე გვექნება კიდევ მეტი გაფართოვების. ანუ ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერი-იანვარი, მაქსიმალურად ქვეყანაში უნდა გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და როგორც PCR, ასევე ანტიგენზე დამყარებული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ შემდგომში გარკვეულად შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებისთვის, თუ ეს პროცესი გადაწყდა ქვეყანაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1540-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2501 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 1820-ით ნაკლებია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 164 976 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3988-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 137 499.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG