Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ემზადება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამის დასაწყებად


ბრიტანეთში უკვე ჩაიტანეს მარაგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა, რომელიც აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანიის BioNTech-მა შეიმუშავეს, და ქვეყანა ორ დღეში იწყებს იმუნიზაციის პროგრამას.

ვაქცინაციის პროგრამის პირველ ეტაპზე ბრიტანეთში ელოდნენ მედიკამენტის 800,000-მდე დოზის ჩატანას, რომელიც ძალიან ცივ ტემპერატურაზეა შენახული. ვაქცინას მოსახლეობას 50-მდე საავადმყოფოში გაუკეთებენ, პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროგრამაში მოხვდებიან 80 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები, შემდეგ - ინფიცირების მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი პირები.

საერთო ჯამში, ბრიტანეთი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 40 მილიონამდე დოზას მიიღებს, რაც სამყოფი იქნება 20 მილიონი ადამიანისთვის, რომლებსაც ნემსს ორჯერ, 21 დღის ინტერვალით გაუკეთებენ.

გასულ კვირაში ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენების ნებართვა გასცა - მას შემდეგ, რაც ცდებმა აჩვენა, რომ მედიკამენტის ეფექტიანობა 95 პროცენტამდეა.

ევროპაში ბრიტანეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა, იქ 61,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით. მსოფლიოს მთავრობები და ჯანდაცვის უწყებები ყურადღებით მიადევნებენ თვალს ბრიტანეთის იმუნიზაციის პროგრამას.

აშშ, სადაც მატულობს ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები და სიკვდილიანობა, იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის პროგრამას მიმდინარე თვეში დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG