Accessibility links

site logo site logo

მკაცრი ზეწოლის მიუხედავად, ბელარუსის ოპოზიცია აგრძელებს დემონსტრაციებს


ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა 6 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 300-ზე მეტი მოქალაქე დემონსტრაციებზე, რომლებიც უკვე თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართულ აქციებში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ისინი არ დაემორჩილნენ დემონსტრაციების გამართვაზე დაწესებულ აკრძალვას და პასუხად სხვადასხვა უბანში მცირე ზომის აქციები ჩაატარეს. 6 დეკემბერი იყო რიგით მესამე კვირა დღე, როცა დემონსტრაციები "სამეზობლოს მსვლელობის" სახელით გაიმართა - რაც წარმოადგენს პროტესტის დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელმაც პოლიციას აქტივისტების დაპატიმრება უნდა გაურთულოს.

მინსკში განთავსებული უფლებადამცველი ცენტრი "ვიასნა" (გაზაფხული) იუწყება, რომ 6 დეკემბერს 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მინსკის რამდენიმე უბანსა და სხვა ქალაქებში.

ბელარუსში თითქმის ყოველდღე იმართება აქციები მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებზე გამარჯვება ლუკაშენკას მიაკუთვნეს მეექვსე ვადით. ოპოზიცია და დასავლეთი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ და მოითხოვს ლუკაშენკას გადადგომას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების გამართვას.

"პროტესტი ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, ისეთივე განუყოფელ ნაწილად, როგორიც საქმე ან ოჯახთან გატარებული დროა", - თქვა ციხანოუსკაიამ აქციამდე გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG