Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პოზიტიური და საქმიანი იყო და ზოგიერთ საკითხზე პოზიციების დაახლოებითაც გამოირჩეოდა, თუმცა ძირითად საკითხებზე მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა:

„პოზიტიური შეხვედრა იყო იმ კუთხით, რომ საქმიანი იყო. ვიმსჯელეთ აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაც კი არის წამოწეული, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ყველა საკითხებზე. არის საკითხები, სადაც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში ნამდვილად, და არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა. არის საკითხები, სადაც ვერ ვთანხმდებით, ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ. მან მედიასთან აღნიშნა, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ამ საკითხებზე შიდა განხილვებიც გაგრძელდება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები, რომლებიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი სახით 4 ოქტომბერს გაუგზავნა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG