Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათმობა არასწორი სიტყვაა - კობახიძე მოლაპარაკებების III რაუნდის შემდეგ


"გაგრძელდება ეს პროცესი, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება ასეთი შეხვედრა, დიდი იმედი გვაქვს, საბოლოოდ ეს შეხვედრა შეთანხმებით დასრულდება. ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც უკავშირდება ხელახალ არჩევნებს.

დროც ბევრი აღარ არის დარჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. განწყობა იყო საქმიანი და საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური", - თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარებების მესამე რაუნდის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართა.

"დედლაინი, რა თქმა უნდა, არის და ეს არის პარლამენტის პირველი სხდომის დღე, რომელიც უნდა გაიმართოს კვირის ბოლოს", - ასე განსაზღვრა ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებების დასრულების თარიღი.

"პოლიტიკურ პარტიებს, ბუნებრივია, აქვთ განსხვავებული ინტერესები, ბუნებრივია, სუბიექტური ინტერესებიც არის მათ შორის, მაგრამ პოლიტიკაში უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება და ჩვენ ამის იმედი გვაქვს. რაც შეეხება დათმობას, მე მგონი, არასწორი სიტყვაა, ჩვენს მხარესაც და ოპოზიციის მხარესაც. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით, რა ჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებზე ჩამოყალიბებული პოზიციისა, მმართველ პარტიას აქვს ასევე მკაფიო პოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზეც. მან თქვა, რომ ამგვარი სისხლის სამართლის საქმეები უნდა გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე.

ირაკლი კობახიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მეათე მოწვევის პარლამენტში შევლენ და აღნიშნა, რომ "მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი". მისი თქმით, არსებობს ინსტრუმენტები, იმისათვის რომ "მეტი შანსი მისცენ დროის თვალსაზრისით ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით".

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG