Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „რაღაც პატარა კვირტები თითქოსდა გამოისახა, მაგრამ ხელშესახები არა, ჯერჯერობით“. მისი თქმით, იმ ორგანოში შესვლა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია. „ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო. ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია დღეს, რომ როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, როგორმე ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე“, - აღნიშნავს ნათელაშვილი.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ „ლეიბორისტულ პარტიას“ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები სურს, შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი.

დღეს, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG