Accessibility links

logo-print logo-print

რუმინეთის პროდასავლელი პრემიერი გადადგა არჩევნებში მიღებული იმედგამაცრუებელი შედეგის ფონზე


ლუდოვიკ ორბანი

რუმინეთის პროდასავლელი პრემიერ-მინისტრი, ლუდოვიკ ორბანი გადადგა მას შემდეგ, რაც მისი ეროვნული ლიბერალური პარტია (PNL) მეორე ადგილზე გავიდა შაბათ-კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის ძლიერი შანსი აქვს.

ორბანი ამ განცხადებით გამოვიდა 7 დეკემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა მემარცხენე ოპოზიციის მოსალოდნელზე მაღალი შედეგი არჩევნებზე, რომელზეც ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, ნაწილობრივ კორონავირუსის პანდემიის გამო.

ხმების 95 პროცენტის დათვლის შემდეგ, პოპულისტმა და წარსულში კორუფციისკენ მიდრეკილმა სოციალ-დემოკრატებმა (PSD) - რომლებიც რუმინეთის პოლიტიკაში კომუნიზმის დანგრევის შემდეგ წამყვან ძალას წარმოადგენდნენ - 30 პროცენტი მიიღეს, რეფორმატორმა ეროვნულმა ლიბერალებმა კი დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლები.

პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაცემულ გამოსვლაში ორბანმა, რომლის მთავრობას ოპონენტები კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავების გამო აკრიტიკებდნენ, განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს და იცის, რომ თავისი მოვალეობა შესრულებული აქვს.

პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტში მოხვედრილ პარტიებთან კონსულტაციები უნდა გამართოს ახალი პრემიერ-მინისტრის შესარჩევად. სოციალ-დემოკრატებს ახალ პარლამენტში მოკავშირეების ნაკლებობა ექნებათ და იოჰანისმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს პარტია "პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან გარეთ დარჩება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG