Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

90 წლის მარგარეტ ქენანი გახდა მსოფლიოში პირველი, ვინც Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა


დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პირველი ვაქცინა 90 წლის მარგარეტ ქენანმა გაიკეთა.
დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პირველი ვაქცინა 90 წლის მარგარეტ ქენანმა გაიკეთა.

ჩრდილოეთირლანდიელი 90 წლის მარგარეტ ქენანი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც სამშაბათს კომპანია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინით აიცრა.

ეს მოხდა ცენტრალური ინგლისის ქოვენთრის საავადმყოფოში. მარგარეტ ქენანი, რომელიც ერთ კვირაში 91 წლისა გახდება, ამბობს, რომ ასეთ საჩუქარს ვერც ინატრებდა,

„რადგან ეს ნიშნავს, რომ შემეძლება ახალი წელი კვლავ გავატარო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მას შემდეგ, რაც მთელი წელიწადი ძირითადად მარტო ვიყავი“, - განაცხადა ექიმებით გარშემორტყმულმა მარგარეტ ქენანმა აცრის შემდეგ.

დღეიდან დიდ ბრიტანეთში დაიწყო COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე აიცრებიან მთავრობის მიერ განსაზღვრული რისკჯგუფების წარმომადგენლები - 80 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებნი და სამედიცინო და სოციალური სფეროების წარმომადგენლები. მაისიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის.


დიდი ბრიტანეთი დასავლეთის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მასობრივი ვაქცინაცია გადაწყვიტა ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით.

აცრას ელოდება 86 წლის ბრიტანელი ქალი, ბილ როჯერსი, რომლის მეუღლე აპრილში კორონავირუსმა იმსხვერპლა.

ჯილ როჯერსმა უკანასკნელად მეუღლე მარტის თვეში მოინახულა, მოხუცთა სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა. შემდეგ პანდემია დაიწყო და ცოლმა ვეღარ მოახერხა კვლავ ენახა ქმარი, რომელიც აპრილში გარდაიცვალა.
„მეუღლის გარდაცვალების მოწმობამ რამდენიმე დაავადება აჩვენა, მათ შორის, COVID-19“, - უთხრა როჯერსმა BBC-ს ვაქცინის მიღებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.


86 წლის ჯილ როჯერსი მოუთმენლად ელის ვაქცინის მიღებას და იმედოვნებს, რომ აცრის შემდეგ კვლავ შეძლებს საყიდლებზე სიარულს და ავტობუსით მგზავრობას.

BBC-ს ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ მწარმოებლებს 40 მილიონი დოზა დაუკვეთა. პირველი პარტია, 800 ათასი ვაქცინა, დიდ ბრიტანეთში ბელგიიდან ჩაიტანეს. აცრა ორჯერ კეთდება, 21-დღიანი შუალედით.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფი არ იქნება, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდა, განაგრძონ დადგენილი წესების და შეზღუდვების დაცვა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. გაერთიანებულ სამეფოში უკვე დაავადდა 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 61 400-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG