Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება


ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლად მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლის შესაძლებლობას გამორიცხავს:

„მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, პუფი, უბრალოდ რაღაცა ნივთი. ვინმე თუ შევა და, პრაგმატულობას თავი დავანებოთ, პოლიტიკურ პრაგმატულობას, ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი, მით უმეტეს. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ”, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლის სავარაუდო სურვილი შეადარა საჯარო მოხელის ცდუნებას, აიღოს ქრთამი, რასაც დასჯის შიშით არ აკეთებს.

„აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული“, - განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციის მორიგი კონსულტაციების დაწყების წინ.

მედიასთან საუბარში მან თქვა ისიც, რომ ვერავისზე 100%-ით თავს ვერ დადებს და არც ის გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცალკეული ოპოზიციონერების მოსყიდვას ცდილობდეს:

„ცალკეული საუბრები ვიღაცეებთან ალბათ არის. 60 ადამიანზე თავს როგორ დავდებ? როცა ოლიგარქიული წეს-წყობილებაა, ვერანაირად ვერ დადებ თავს“, - განაცხადა ნიკა მელიამ და აქვე გამოთქვა რწმენა, რომ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ოპოზიციონერი არ დაუკანონებს:

„ვერავისზე 100 პროცენტით თავს, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დადებ, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ თუ მეკითხებით, მაინც და მაინც, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხო არა ვარ?“, - უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG