Accessibility links

logo-print logo-print

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "გირჩი" პარლამენტში შევა, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაარწმუნა


პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩი“ პარლამენტში შევა, თუ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დარწმუნება, ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიიციის კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ, თუ დავარწმუნე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქვა უნდა, შევალ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა,

კითხვაზე, ხუმრობს თუ არა, მან უპასუხა, რომ მართლაც ასე ფიქრობს, რომ მას მოსწონს „რაღაცები და უნდა დაეხმაროს "ნაციონალური მოძრაობა" იმ შედეგის მიღწევაში“, რაც მას სურდა.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც „გირჩს“ უნდა და იქ არის პარლამენტი, პარლამენტი ნიშნავს, რომ იქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ჩვენ შევდივართ დიდი სიამოვნებით პარლამენტში. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ არის, თუ ოპოზიცია იქ არ არის, ის ხომ პარლამენტი არ იქნება და მაშინ „გირჩს“ იქ რა უნდა?“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსულტაციების დაწყებამდე.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრას „გირჩის“ სახელით ასევე ესწრება ზურაბ ჯაფარიძე, მისი თქმით, პოზიცია უცვლელია და ის რჩება ბოიკოტის რეჟიმში.

„აქამდე რაც ვიცოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან თუ შეთანხმება არ შედგა, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება“.

კითხაზე, არის თუ არა განსხვავებული აზრი „გირჩში“, მან უპასუხა, რომ „ახლა ვინ რა ჭკუაზეა, შეგიძლიათ სათითაოდ ჰკითხოთ“.

ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებებს შორის განსხვავების ფონია პარტიაში მომხდარი განხეთქილება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლად მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლის შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს განცხადება მან „ლელოს“ ოფისში მიმდინარე საკონსულტაციო შეხვედრის წინ გააკეთა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“" დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG