Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახს ჟენევის დისკუსიების იმედი აქვს


ირაკლი ბებუა
ირაკლი ბებუა

აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახს იმედი აქვს, რომ აფხაზური მხარე მის გათავისუფლებას დათანხმდება მას შემდეგ, რაც საკითხს ქართული მხარე დააყენებს ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

„ველოდით, რა თქმა უნდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა ბებუა თავისი ბიძაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. ოჯახი ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იღებს.

თამუნა ბებუა
თამუნა ბებუა

თამუნას თქმით, ირაკლისთან კომუნიკაცია ოჯახს წითელი ჯვრის მეშვეობით აქვს:

„ორჯერ მოგვაწოდეს ირაკლის წერილი. ჩვენგან გაგზავნილი წერილებიც შეაქვთ. თვითონ წერს, რომ ნორმალურად არის, თუმცა მისი სამედიცინო შემოწმება არ მომხდარა“, - ამბობს თამუნა და განაგრძობს: „აქეთ ამშვიდებს ოჯახს და ეუბნება, რომ არ ინერვიულონ“.

ირაკლი ბებუას, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხის „მკაცრად“ დაყენებას აპირებს ქართული მხარე 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზური სასამართლოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს და განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას.

„ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები“, - აცხადებს ახვლედიანი.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჟენევის გარდა, მნიშვნელოვანია სხვა მეთოდების გამოყენებაც - პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან, ან ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით გალში „ინციდენტების პრევენცისაა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრის ჩანიშვნაზე საუბარი.

„უფრო მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების გამოყენება, პირადი კონტაქტების, რომ რეალურად მოხდეს მისი [ირაკლის] გათავისუფლება. ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებზე აფხაზური მხარე წამოვა - ბოლო პერიოდში ისინი მზად არიან, მათ შორის, ქართულ მხარესთან მეტი დისკუსიისა და დიალოგის ფორმატების გაჩენასთან დაკავშირებით და ეს განწყობები უნდა იყოს გამოყენებული უფრო აქტიურად. მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, ქართული და აფხაზური მხარეები საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობენ და ეს მომენტიც შეიძლება გამოყენებული იქნას“, - ეუბნება უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.

ირაკლი ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, ქონების განზრახ დაზიანების და ხელნაკეთი ხელყუმბარის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

აფხაზური სასამართლოს ინფორმაციით, ბებუა ბრალს მხოლოდ ხელყუმბარის ნაწილში არ აღიარებს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG