Accessibility links

logo-print logo-print

წმინდა ნახერხი


ავტორი: ნინია ნადირაძე

ვინმემ რომ მკითხოს, რანაირი წლები გვქონდა სკოლის ასაკში და რა მოხდა მას შემდეგ,

ვეტყოდი, რომ ჩემ ღრმა ბავშვობაში შუქი ჩაქრა და 2003 თუ 2004 წელს მოვიდა, თან მოჰყვა

მხიაული, ველური შეძახილები და შეწყდა მრავალწლიანი მრავალსართულიანი გინება, მეცხრე ბლოკისა და

ჩამრთველის ჩამომწევის დედის მოკითხვები. ამ ბნელ წლებში შიგადაშიგ იყო 15 წუთიანი შუქის მოსვლები, მერე ისევ წასვლები,

რა თქმა უნდა, ტრადიციული გინების თანხლებით, ფეხბურთის სტადიონზე დანთებული ცეცხლი, ცეცხლზე გადახტომები,

სადარბაზოებთან დგომები, მესამე კორპუსის წინ მჯდომი ქურთი ყარყაშა, მთელი ბავშვობა რომ მეგონა, ღამითაც იქ ეძინა, კორპუსის კუთხეში, პატარა ხის სკამზე შეზრდილს და შეხორცებულს, მასთან ნაყიდი ძველ გაზეთში ჩაყრილი მზესუმზირის ნაფცქვენებით მოფენილი სადარბაზოები, ლამფის შუქზე მეზობლების ტიტანური შერკინება ჭადრაკში,

კორპუსის "პლოშადკაზე" სახელდახელოდ გამოტანილი ლობიო, კომბოსტოს წითელი ხასხასა მწნილი და კარის მეზობლების და ჩვენი ერთობლივი ვახშმობები,

უშუქობაში ჩატარებული ცეკვის გაკვეთილები, საკლასო ოთახში ბავშვების მობუზული და მაინც უდარდელად ჯდომები, შესვენებაზე დაჭერობანათი და დერეფანში საგანგებოდ დაყრილ ნახერხზე სრიალით გართობა,

დღემდე რომ არ ვიცით, ეს ნახერხი რისი მაქნისი იყო. ფაქტია, რომ ჩემთვის იმდროინდელი ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. მაშინდელ ჩვენ ყოფას სწორედ სალიარკიანი ნახერხის სუნი ასდის, ამ სითხითაა გაჟღენთილი.

შემდეგ იყო სინათლის მოსვლა და სწრაფი, თავბრუდამხვევი ცვლილებები.

წლები გავიდა, წლები გადის, არც უშუქობა გვიშლის ნერვებს, წყალიც მოჩქრიალებს ონკანში,

მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღარცერთი არ იჭმევა, არ დაგვიპურებს სულებს და ემოციებს.

აღმოჩნდა, რომ ამასობაში ამდენი გაჭირვების, ომის, ბრძოლის შემდეგ, იმავე დღეში ვართ, განუწყვეტლივ, შეუჩერებლად ვიბრძვით, რისთვისაც ხან თვალებს გვთხრიან, ხან წყლის ჭავლს გვიშვერენ,

ისევ ბიულეტენებს დავდევთ, ისევ საკუთარ ხმებს დავდევთ და მიკვირს, რომ არ ვიღლებით, ვერავინ დაგვღალა, ვერავინ დაგვქანცა. არ ვიღლებით არც ერთმანეთის კრიტიკით,

თუმცა კრიტიკა ვერასდროს გახდა ჯანსაღი და ვერასდროს დაიხვეწა ამ ქვეყანაში.

განსხვავება ისაა, რომ ფანრებით ხელში აღარ დავდივართ ქუჩაში, საშუალო დონის ბრენდებში გამოწყობილებმა, გონების უცხო კუნჭულში გადავმალეთ მაშინდელი ჩვენი

"მოდა" და ახლა თავს ვიწონებთ ახალ, თანამედროვე ხანაში, სადაც გინებამ სტადიონიდან და სადარბაზოებიდან გადაინაცვლა ტელევიზორსა და პარლამენტში,

ხოლო პოლიტიკოსების სახეები ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული კარულესივით ტრიალებს, ტრიალებს და უკვე გული გვერევა ამდენი ტრიალისგან.

თუ ვინმე მკითხავს, რა შეიცვალა, ვეტყვი, რომ ფუნდამენტალურად და არსებითად არაფერი.

თუ ვინმე მკითხავს, რისი სუნი ასდის ჩემ ბავშვობას და თინეიჯერობას, ვეტყვი, რომ სალიარკით გაჟღენთილი ნახერხის,

რომელიც წმინდაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG