Accessibility links

site logo site logo

თალაკვაძე: ვიმუშავეთ ბევრი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით


კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს. ის ამბობს, რომ არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს.

„ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი“, - თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, სხვა საკითხებზე „ქართული ოცნების“ პოზიცია არ შეცვლილა. „პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა საკუთარი არჩევანი, არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყეენოთ მათი არჩევანი. „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, - განმარტავს თალაკვაძე.

როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა და ამიტომ უნდა იყოს გამოყენებული დრო და შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკება დასრულდეს წარმატებით. „ამ მიზნით მომდევნო დღეებშიც იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა და შევეცდებით, რომ ის შეთანხმებით დავასრულოთ“, - ამბობს თალაკვაძე.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG