Accessibility links

logo-print logo-print

კობახიძე: საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე „ქართული ოცნების“ მხრიდან განიხილებოდა საარჩევნო რეფორმის საკითხები. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე არის:

„ხვალ ან ზეგ შედგება ალბათ ბოლო შეხვედრა, სხდომა უკვე ახლოვდება, პარასკევს არის პარლამენტის პირველი სხდომა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა:

„ჩვენი ამოცანაა ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, რომელზეც არის საუბარი ელჩების თანდასწრებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ყველა პარტია იქნება შეკრებილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევს მოლაპარაკებების გაგრძელების პროცესი და ბევრი მიმართულებით წარმატება. რაც შეეხება ოპოზიციის წითელ ხაზებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების შესახებ, ირაკლი კობახიძე თავის პოზიციას შემდეგნაირად გამოხატავს:

„რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებს, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მიერ, ეს არის მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ ისინი იმას, რომ რაიმე სისტემური ტიპის ხარვეზი იყო ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, იყო ლოკალური ხარვეზები, მაგრამ დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებითაც მსჯელობა, ვერც ერთ პუნქტში ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48% არ არის 48%“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, მისი თქმით, ოპოზიციას საფუძველი იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს, არ აქვს.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი თითქმის 5 საათს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მათ პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG