Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, დასავლეთის მოწოდებები ახალი არჩევნების სასარგებლოდ შეიცვლება


გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძე

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის შეფასებით, ელჩების მოწოდებები ოპოზიციის მისამართით პარლამენტში შესვლის შესახებ განპირობებულია იმ მიზნით, რომ საქართველოს არ ჰყავდეს ერთპარტიული პარლამენტი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ დასავლეთის ამოცანად კვლავ მრავალპარტიული პარლამენტი დარჩება მაშინაც, თუ ოპოზიცია საბოლოოდ იტყვის უარს პარლამენტის მანდატებზე. ასეთ შემთხვევაში, გიორგი რუხაძის აზრით, მოცემულობა შეიცვლება და დასავლეთის პოზიცია ახალი არჩევნების ჩატარება გახდება.

„თუ ოპოზიცია მკაცრად იტყვის უარს დეპუტატების მანდატებზე საბოლოოდ, მაშინ რეალობა აბსოლუტურად იცვლება, ოღონდ ამოცანა იგივე რჩება. დასავლეთის ამოცანა კვლავაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ოღონდ ერთადერთი საშუალება უკვე ამის მიღწევისა იქნება ახალი არჩევნები. შესაბამისად, ცოტა კიდევ უნდა გაძლოს ოპოზიციამ, თუ უნდა, რომ უკვე ზურგის ქარად წამოეწიოს დასავლეთის პოზიცია, იმიტომ, რომ როგორც კი ეს პარლამენტი შედგება ერთპარტიულად და სხვა შანსი აღარ იქნება, შემდეგ უკვე დასავლეთი „მიაწვება“ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ახალი არჩევნებისკენ წავიდეს, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აიტანოს ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს თითქმის 5 საათს გაგრძელდა. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მათ პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG