Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შევა, თუ "ქართული ოცნება" "გაწიკწიკებულ საარჩევნო წესებს" დათანხმდება


პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მოლაპარაკებებზე საბოტაჟს გეგმავენ, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულს, ვიღაცას რომ არ მოსწონდეს ან მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგ იყოს, მთავარია, მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ის არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მისი მოლაპარაკებებზე სიარულის მთავარი მიზეზია ის, რომ სარგებელი მხოლოდ მას არ უნდა და "არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ როგორც ზეიმზე":

"ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არ იქნება მორგებული, მორგებული იქნება ქვეყნის მომავალზე და ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი მინიმუმამდე იყოს დასული. ეს საშვილიშვილო შედეგები მინდა, რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად".

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრებზე საათების განმავლობაში მსჯელობა:

"პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება, სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება, საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ".

გუშინ, 8 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ რამდენიმე საკითხი დააყენა, მათგან ხელისუფლება მხოლოდ ერთზე (საარჩევნო ცვლილებებზე) მსჯელობას გეგმავს. ამ დროის მონაცემებით, 11 დეკემბერს შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG