Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს. მისი თქმით, სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები. მისი თქმით, ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული თავად მისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელების პერსპექტივაც:

„თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0,1%-იც კი არ იქნება, "ქართული ოცნება" გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

გუშინ, 8 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა. ოპოზიციამ რამდენიმე საკითხი დააყენა, მათ შორის ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ, თუმცა ხელისუფლება მხოლოდ ერთზე (საარჩევნო ცვლილებებზე) მსჯელობას გეგმავს. ამ დროის მონაცემებით, 11 დეკემბერს შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG