Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: იმედისმომცემია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარეობს, სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი სიტყვებით, იმედისმომცემია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამონახული საერთო ენა.

„გუშინ დიალოგის მორიგი რაუნდი შედგა. ჩემი აზრით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც იცით, ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს.

ჩემი აზრით, დისკუსიის ყველაზე იმედისმომცემი ნაწილი იყო ის, რომ მოვახერხეთ, საერთო მოგვენახა მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესაა გასაღები, რათა მომავალი არჩევნები ჩატარდეს ნაკლები ხარვეზებით და ნაკლები პრობლემებით, ვიდრე ეს ამ არჩევნებზე ვნახეთ და გვინახავს წინა არჩევნებზეც. ჩემი აზრით, ეს კარგი ახალი ამბავია. სხვა საკითხები კვლავ განხილვის საგანია. ბევრი მათგანი ჯერ არ გადაჭრილა და ვნახავთ, შესაძლებელი იქნება თუ არა წინსვლა. ყველა მონაწილის მხრიდან არსებობს დიალოგის გაგრძელების მხარდაჭერის სურვილი და, როგორც ვხედავ, კიდევ ერთი მცდელობა გვექნება ხვალ და ვნახავთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე პროგრესი გვქონდეს მომავალი პარლამენტის გახსნამდე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი განმარტებით, სირთულეების მიუხედავად, მოლაპარაკებები გაგრძელდება. კითხვაზე, მისთვის უკვე ცნობილია თუ არა რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ მოხერხდება ფართო თანხვედრის მიღწევა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ ამ ნიშნულამდე არ მივსულვართ, მაგრამ ვნახოთ. საბოლოოდ ყველა, ცხრავე მონაწილე, უფრო სწორად, რვა მონაწილე, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, თავის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ჯერაც ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხებთ ფართო შეთანხმების მიღწევას, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება მეტი განხილვა, დისკუსია და მოლაპარაკება“.

ფასილიტატორთა მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, კარლ ჰარცელმა განმარტა, რომ თუ ის ამ როლში პროცესის დამაბრკოლებელ ფაქტორებს შენიშნავს, მასზე უარს იტყვის.


„პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, რომ მე აქ, როგორც ფასილიტატორი, ყველა პოლიტიკური პარტიის მოთხოვნით მოვედი. ამ როლის მორგებას დაძალებით არასოდეს ვეცდებოდი, რადგან ეს მართლაც ძალიან რთულად შესასრულებელი როლია. ჩვენ სწორედაც რომ ფასილიტატორები ვართ. ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ მოლაპარაკებების ადგილს და ვთავაზობთ დახმარებას მოლაპარაკებების წინ წაწევაში. გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ლიდერების ხელთაა. ჩვენ მეტი არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს. მე კვლავ ამ როლის ერთგული ვიქნები მანამ, სანამ დავინახავ, რომ პოლიტიკური მხარეები ამ როლს სასარგებლოდ მიიჩნევენ. რა წამსაც ვიგრძნობ, რომ ეს როლი აფერხებს პროგრესს ან არაფერს აკეთებს მის ხელშესაწყობად, ჩემი მანდატიც მყისიერად დასრულდება“, - განმარტა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელმა უპასუხა ასევე შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები ფასილიტატორების მოთხოვნას მიაწერენ, რომ არ ხმაურდება მოლაპარაკების დეტალები.

„რაც შეეხება ბოლო დროს დაწყებულ დისკუსიებს ამ მოლაპარაკებების საიდუმლო ბუნების შესახებ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დისკუსიის კონფიდენციალურობაში არაფერია არადემოკრატიული. ეს სტანდარტული, საერთაშორისო პრაქტიკაა. მოლაპარაკებები ასე ტარდება ხოლმე. მხარეებს შორის ნდობის შექმნის შესაძლებლობის გარეშე ბევრად რთულია პროგრესის მიღწევა. ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკია არჩეული პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლებიც სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ პოლიტიკური პრობლემები გადაჭრან და დიალოგში ჩვენ სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი სიტყვებით, მოლაპარაკებათა მეხუთე და, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომამდე უკანასკნელი რაუნდი, ხვალ შედგება.

გუშინ, 8 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ რამდენიმე საკითხი დააყენა, მათგან ხელისუფლება მხოლოდ ერთზე (საარჩევნო ცვლილებებზე) მსჯელობას გეგმავს. ამ დროის მონაცემებით, 11 დეკემბერს შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში, უცნობია.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.

8 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ერთი ფრთის წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც თქვა, რომ „გირჩი“ პარლამენტში შევა, თუ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დარწმუნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG